ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი, დაესწრო საქართველოში გამართულ პირველ საერთაშორისო ცირკულარულ ბიზნესსამიტს, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერითა და CENN-ის ინიციატივით გაიმართა.
სამიტმა თავი მოუყარა საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, ფინანსური სექტორის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განეხილათ საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები.
ვანო მთვრალაშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე:
„მგვ ორგანიზაციების როლი საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) სისტემის განვითარებაში: ადგილობრივი გადამუშავების ტექნოლოგიების ანალიზი“, სადაც ყურადღება გამახვილდა ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების განვითარებაზე, ადგილობრივი გადამამუშავებელი სექტორის გაძლიერებასა და ეფექტიანი EPR სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე.
ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საჯარო, კერძო და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვასა და მდგრადი ნარჩენების მართვის სისტემების განვითარებას.





