ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია, UNDP-ისა და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, აქტიურად აგრძელებს პარტნიორული ქსელის გაფართოებას. ამ მიზნით ასოციაციის წარმომადგენლები საქართველოში შეხვდნენ ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენელსა და დაინტერესებული მხარეების კოორდინაციის ექსპერტებს.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა ერთობლივი პროგრამის „მწვანე, ინკლუზიური და ცირკულარული ეკონომიკა: ნარჩენების შემცირება და გადამუშავება მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკისა და რეციკლირების მიმართულებით დაფინანსებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
მხარეებმა განიხილეს ასოციაციისა და მასში გაერთიანებული წევრი მწარმოებელი/იმპორტიორი კომპანიების საქმიანობა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეციკლირების სექტორში არსებულ გამოწვევებს, დაფინანსების საჭიროებებსა და სამომავლო ბიზნეს-მოდელების განვითარებას, სადაც საბურავებისა და ზეთების მართვას, მათი სპეციფიკიდან და რესურსებიდან გამომდინარე, განსხვავებული მიდგომები სჭირდება. ასოციაციის წევრებმა გააზიარეს რეგიონული განვითარების წარმატებული გამოცდილება.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შეხვედრა და შემდგომი თანამშრომლობა გაგრძელდება, რაც დადებით შედეგებსა და ურთიერთსასარგებლო მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს.




